თბილისის განვითარების ფონდი წარმოადგენს არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2010 წელს.
ფონდის მიზანია - ქალაქ თბილისის ისტორიული იერსახის შენარჩუნება და უძრავი ქონების ღირებულების ზრდის ხელშეწყობა.
ფონდის საქმიანობის პრიორიტეტებია:
1. ძველ თბილისში მსხვილი არეალების რეაბილიტაცია, დიდი ტურისტული მარშრუტის შეკვრა-გამთლიანების მიზნით;
2. დიდ ტურისტულ მარშრუტზე და მის გასწვრივ (და არა ზოგადად) მდებარე ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების აღდგენა-რესტავრაცია, რომელიც დამატებითი მიზიდულობის კერების შექმნას ემსახურება;
3. ისტორიული სადარბაზოების აღდგენა, რომელიც წარმოადგენს ცალკე აღებულ ერთ ტურისტულ პროდუქტს ქალაქის სტუმრებისთვის;
4. მუზეუმების აღდგენა, რომლებიც პოტენციურად პერსპექტიულია და იზიდავს ქალაქის მცხოვრებლებსა და ტურისტებს;
5. რეკრეაციული ზონების განვითარება, რომელიც ემსახურება, ადგილობრივი მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას თბილისში;
6. თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამას , რომელიც მიზნად ისახავას ქალაქში არსებული ავარიული სიცოცხლისთვის საშიში შენობების ჩანაცვლებას თანამედროვე , უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი სივრცეებით
ცალკეულ შენობებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ორგანიზებისას ფონდი ხელმძღვანელობს დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრის გეოგრაფიკის მიერ ჩატარებული ქალაქის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციით, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა ქალაქ თბილისის მასშტაბით არსებული 1790 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე და 566 ძეგლის სტატუსის არ მქონე, თუმცა მაღალი ღირებულებისა და მნიშვნელობის მატარებელი ობიექტები. შენობების რანჟირებისას გათვალისწინებული იქნა შემდეგი კრიტერიუმები: ძეგლის მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულება, სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი, ძეგლის ქალაქმაფორმირებელი მნიშვნელობა, ტურისტული მიმზიდველობა, ძეგლის კუმულაციური ეფექტი და შენობის ფიზიკური მდგომარეობა.