არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
თბილისის განვითარების ფონდი
წ ე ს დ ე ბ ა
1.1 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სრული სახელწოდებაა:
ქართულად: „თბილისის განვითარების ფონდი“ (შემდგომში - ფონდი); ინგლისურად:
„Tbilisi Development Fund“.
1.2 ფონდი წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ კერძო
სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლის მიზანიც არ
არის სამეწარმეო საქმიანობა. იგი იურიდიული პირის სტატუსს იძენს მისი
სახელმწიფო რეგისტრაციის მომენტიდან და წესდებით გათვალისწინებული
ამოცანების შესრულებისას მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის,
საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის,
სხვა საკანონმდებლო აქტებისა და წინამდებარე წესდების საფუძველზე.
1.3 ფონდს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით და
საიდენტიფიკაციო ნომრით, საანგარიშსწორებო და სხვა სახის ანგარიშები (მათ
შორის: სავალუტოც) საბანკო დაწესებულებებში.
1.4 ფონდი უფლებამოსილია მოქალაქეთა სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან
ერთად თანასწორობის საფუძველზე გაერთიანდეს კავშირში, საზოგადოებრივ
მოძრაობებში, სამეცნიერო-ტექნიკურ და სხვა გაერთიანებებში.
1.5 ფონდს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით დააფუძნოს ფილიალები
(წარმომადგენლობები), სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირები, აგრეთვე განახორციელოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო
საქმიანობა.
1.6 ფონდს შეუძლია ჰქონდეს პირდაპირი საერთაშორისო კონტაქტები სხვა
ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დადოს მათთან შესაბამისი
შეთანხმებები, გარიგებები, ხელშეკრულებები, მემორანდუმები, მონაწილეობა
მიიღოს იმ ღონისძიებების განხორციელებაში, რომლებიც არ ეწინააღმდეგება
საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, ფონდის დამფუძნებლის მითითებებს, ამ
წესდებას და მასში ასახულ მიზნებს.
1.7 ფონდის სამეურნეო წლად ითვლება კალენდარული წელი.
1.8 ფონდი დამოუკიდებელია თავისი დამფუძნებლების, ასევე ხელმძღვანელობისა
და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების მდგომარეობისაგან და
პასუხს არ აგებს მათი ვალდებულებებისათვის ისევე, როგორც ისინი პასუხს არ
აგებენ ფონდის ვალდებულებებისათვის. ფონდის პასუხისმგებლობა
შემოიფარგლება მხოლოდ მისი ქონებით.
1.9 ფონდს საკუთრებაში აქვს განკერძოებული ქონება, რომელსაც განაგებს და
მოიხმარს დანიშნულებისამებრ, თავისი მიზნების მისაღწევად.
1.10 ფონდს უფლება აქვს იყოს მხარე გარიგებაში, შეიძინოს ქონებრივი და პირადი
არაქონებრივი უფლებები, იკისროს ვალდებულებები, შეუძლია იყოს მოსარჩელე და
მოპასუხე სასამართლოში ან არბიტრაჟში.
1.11 ფონდი იქმნება განუსაზღვრელი ვადით და მისი საქმიანობა ხორციელდება,
როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.
1.12 ფონდის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ძმები
ზუბალაშვილების ქ. N20. ელ. მისამართია: infotdf@tbilisi.gov.ge
მუხლი 2. ფონდის მიზანი, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
2.1 ფონდის მიზანია:
2.1.1 ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის განვითარება და უძრავი ქონების
ღირებულების ზრდის ხელშეწყობა;
2.1.2 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი
საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტების განხორციელება.
2.2 ფონდის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია:
2.2.1 ქალაქ თბილისში ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის
შენარჩუნების/აღდგენის და უძრავი ქონების ღირებულების ზრდის გამოუყენებელი
შესაძლებლობების გამოვლენა და სწორად პრიორიტეტიზაცია;
2.2.2 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება/აღდგენა და უძრავი
ქონების ღირებულების ზრდის შესაძლებლობების რეალიზებისათვის პროექტების
დაგეგმვა;
2.2.3 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების/აღდგენის და უძრავი
ქონების ღირებულების ზრდის შესაძლებლობების რეალიზების მიზნით, პროექტების
დროულად, ხარისხიანად და გონივრული დანახარჯების პირობებში განხორციელება.
2.2.4 რეაბილიტირებული არეალების, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების განვითარებისა და მოვლა-
პატრონობის ხელშეწყობა.
2.2.5 ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო
ქალაქმშენებლობის უზრუნველყოფა ავარიული მრავალბინიანი სახლების
ჩანაცვლებით.
2.3 ფონდის ძირითადი ფუნქციებია:
2.3.1 ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის
შენარჩუნებისთვის და ქალაქის განვითარებისთვის საჭირო ყველა სახის კვლევითი
და საპროექტო სამუშაოების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება;
2.3.2 ქალაქის ისტორიული და სხვა ნაწილების სისტემური განვითარების და
მდგრადობის ამაღლებისთვის საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიების
შემუშავება და შეთანხმება დამფუძნებელთან შემდგომი განხორციელების და
დაფინანსების მოპოვების მიზნით;
2.3.3 მსხვილი არეალების (ქუჩების, მოედნების, დასახლებული კვარტლების),
ცალკეული ისტორიულკულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და მათი ნაწილების,
ასევე ისტორიული სადარბაზოების, მუზეუმების, სარეკრეაციო ზონების და
სხვადასხვა ისტორიული შინაარსის მატარებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-
რესტავრაციის ან/და ახლიდან მოწყობის წინადადებების ინიცირება, დაფინანსების
მოძიების უზრუნველყოფა;
2.3.4 მსხვილი არეალების (ქუჩების, მოედნების, დასახლებული კვარტლების),
ცალკეული ისტორიულკულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და მათი ნაწილების,
ასევე ისტორიული სადარბაზოების, მუზეუმების, სარეკრეაციო ზონების და
სხვადასხვა ისტორიული შინაარსის მატარებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-
რესტავრაციის ან/და ახლიდან მოწყობის პროექტების დაგეგმვა და განხორციელების
ორგანიზება-კონტროლი;
2.3.5 სხვადასხვა ტიპის ექსპერტიზების და ანალიტიკური დასკვნების მომზადების
ინიცირება, არგუმენტირება და დაკვეთა, შესაბამისი პროექტების შესყიდვების
ორგანიზება და ინფორმაციის დამუშავება-არქივირების უზრუნველყოფა ქალაქის
განვითარების მიზნებისთვის;
2.3.6 მსხვილი არეალების (ქუჩების, მოედნების, დასახლებული კვარტლების) სრული
რეაბილიტაციის მიზნით, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის
საპროექტო გადაწყვეტილებების მომზადების ინიცირება, არგუმენტირება და
შესყიდვების ორგანიზება, შესაბამისი ფიზიკური სამუშაოებისთვის დაფინანსების
მოძიების უზრუნველყოფა და პროექტების განხორციელების ორგანიზება;
2.3.7 მსხვილი არეალების (ქუჩების, მოედნების, დასახლებული კვარტლების) და
ქალაქის ცალკეული მონაკვეთების განვითარების ან/და რეაბილიტაციის პროექტების
პარალელურად ყველა თანმდევი სამუშაოების იდენტიფიკაცია, შეფასება,
პროექტირება, დაფინანსების მოძიების და განხორციელების ორგანიზება, ისეთების
როგორიც არის დროებითი გამაგრების, დემონტაჟის, ძეგლების დაშლა-გადაწყობის,
დროებითი ქსელების მოწყობის, დემონტაჟის და ახლიდან მოწყობის, ასევე მთლიანი
ან ნაწილობრივ არეალების კეთილმოწყობის სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელების
უზრუნველყოფა;
2.3.8 თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი
ინსტიტუციური, ადმინისტრაციული რეფორმებისა და საკანონმდებლო
ცვლილებების პროექტების შემუშავება სხვადასხვა სახელმწიფო, მუნიციპალურ და
საზოგადოებრივ ინსტიტუციებს შორის კოორდინაციის გაძლიერების მიზნით;
2.3.9 ქალაქის რეაბილიტაცია-განვითარების პროცესში კერძო ინვესტორების ჩართვის
ხელშეწყობა და ამ მიზნით, საინვესტიციო ჯგუფებთან მოლაპარაკებების წარმოება
და შესაბამისი შეთავაზებების მიწოდება, საინფორმაციო ბაზების და ვებ-გვერდების
შექმნის ინიცირება და მათი მართვა-განახლება;
2.3.10 ძველი თბილისის კონსერვაციის გლობალური პროგრამის, ქალაქგეგმარებითი
დოკუმენტაციის, რესტავრაციის, ადაპტაციის, ფიზიკური რესტავრაციის
სახელმძღვანელო პრინციპებისა და ა.შ. შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა;
2.3.11 პროფესიული კადრების განვითარებისათვის უნარ-ჩვევებისა და
კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონსერვაციისა და მენეჯმენტის ტრენინგების
სისტემის შექმნა;
2.3.12 რეაბილიტაციის პროცესში საერთაშორისო სტანდარტებისა და
მეთოდოლოგიის ინტეგრირების უზრუნველყოფა;
2.3.13 ქალაქის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში არასამთავრობო
სექტორთან, კერძო სააგენტოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მას-
მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობის ორგანიზება, რეაბილიტაციისა და
განვითარების პროცესებში აქტიური ჩართვის მიზნით;
2.3.14 საერთაშორისო ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართვის ხელშეწყობა
რეაბილიტაციისა და განვითარების პროცესებში და მათთან კოორდინაციის
უზრუნველყოფა.
2.4 საწესდებო მიზნის მისაღწევად ფონდი:
2.4.1 ზედამხედველობს და აკონტროლებს მის მიერ დაფინანსებული პროექტების
განხორციელებას;
2.4.2 ქმნის და ადმინისტრირებას უწევს ფონდის საქმიანობის მონიტორინგისათვის
აუცილებელ საინფორმაციო სისტემებს;
2.4.3 მართავს ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოყოფილ თანხებს
კანონმდებლობით დადგენილი წესით;
2.4.4 აფასებს და აკონტროლებს გარიგებების საფუძველზე ფონდის მიერ
გამოყოფილი ფინანსური სახსრების ხარჯვას გარიგებაში მონაწილე პირების მიერ
წარდგენილი ანგარიშების საფუძველზე;
2.4.5 იყენებს დადგენილი წესით ანგარიშზე განთავსებულ თანხებს სხვადასხვა
პროექტების მიზნების მისაღწევად და კისრულობს ანგარიშვალდებულებას მათი
გამოყენების მიზნობრიობაზე დამფუძნებლების ან/და კონკრეტული
დამფინანსებლის წინაშე;
2.4.6 თანამშრომლობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის
სტრუქტურებთან პროექტით დადგენილი სამუშაოების ეფექტიანად წარმართვის
მიზნით;
2.4.7 ფონდის საქმიანობის რეკლამირებისა და პროპაგანდის მიზნით
თანამშრომლობს მასმედიასთან, აქტიურად იყენებს სხვადასხვა საინფორმაციო და
სარეკლამო საშუალებებს;
2.4.8 კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო
საქმიანობას, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის ხასიათს. ფონდის მიერ მიღებული მოგება რეინვესტირებული
უნდა იქნეს ფონდის მიზნების, მისი განვითარებისა და სხვა აუცილებელი
საქმიანობების განსახორციელებლად;
2.4.9 ფონდი ახორციელებს სხვა ნებისმიერი სახის საქმიანობას, რომელიც
აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით;
2.4.10 საქმიანობას, რომლის განსახორციელებლად საქართველოს კანონმდებლობა
ითვალისწინებს სპეციალურ ნებართვას (ლიცენზირება, სერტიფიცირება), ფონდი
წარმართავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სათანადო
ნებართვის (ლიცენზიის, სერთიფიკატის) აღების შემდეგ.
მუხლი 3. ფონდის დამფუძნებელი
3.1 ფონდი იქმნება დამფუძნებლის გადაწყვეტილებით.
3.2 ფონდის დამფუძნებელია:
3.2.1 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, წარმოდგენილი ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მთავრობის სახით (იურიდიული მისამართი – ქ. თბილისი,
შარტავას ქუჩა N7).
მუხლი 4. ფონდის დამფუძნებლების უფლებამოსილებანი
4.1 დამფუძნებლების უფლებამოსილებანი:
4.1.1 დაამტკიცოს ფონდის წესდება, შეიტანოს მასში ცვლილებები და დამატებები;
4.1.2 შეცვალოს ფონდის მიზანი, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები;
4.1.3 აირჩიოს და გამოიწვიოს ფონდის გამგეობის წევრები და გამგეობის
თავმჯდომარე;
4.1.4 აირჩიოს და გამოიწვიოს ფონდის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების
მქონე პირი - ფონდის დირექტორი და განსაზღვროს მისი უფლებამოსილებები;
4.1.5 მოითხოვოს ყოველგვარი ინფორმაცია ფონდის ხელმძღვანელი ორგანოსა და
პირებისაგან ფონდის საქმიანობის შესახებ;
4.1.6 მოისმინოს გამგეობის ფინანსური და სხვა ხასიათის ანგარიშები;
4.1.7 მიიღოს გადაწყვეტილება ფონდის ფილიალების (წარმომადგენლობების)
დაფუძნების მათი რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის შესახებ;
4.1.8 მიიღოს გადაწყვეტილება ფონდის საქმიანობის შეჩერების, რეორგანიზაციის ან
ლიკვიდაციის თაობაზე;
4.1.9 შენატანის სახით გადასცეს ფონდს ქონება და მატერიალური/ფინანსური
აქტივები ფონდის მიზნების განსახორციელებლად;
4.1.10 გადაწყვიტოს ყველა ის საკითხი, რომელიც ამ წესდებით არ განეკუთვნება
გამგეობის ან ფონდის დირექტორის კომპეტენციას;
მუხლი 5. ფონდის გამგეობა
5.1 ფონდის ხელმძღვანელი ორგანოა ფონდის გამგეობა, რომლის თავმჯდომარესა და
წევრებს ირჩევს და გამოიწვევს ფონდის დამფუძნებელი. გამგეობა შედგება 6 (ექვსი))
წევრისგან (თავმჯდომარის ჩათვლით).
5.2 გამგეობის სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ მაინც ან საჭიროებისამებრ.
სხდომა მოიწვევა ფონდის იურიდიულ მისამართზე, ან გამგეობის წევრებისათვის
წინასწარ ცნობილ ნებისმიერ სხვა ადგილზე.
5.3 როგორც რიგგარეშე, ისე მიმდინარე სხდომა მოიწვევა ფონდის დირექტორის ან
გამგეობის თავმჯდომარის მიერ, ასევე დამფუძნებლის მოთხოვნით. გამგეობის
მორიგი ან რიგგარეშე სხდომა მოიწვევა სხდომის თარიღამდე არანაკლებ ხუთი დღით
ადრე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმის გარემოებებიდან გამომდინარე
აუცილებელია გამგეობის სხდომის დაუყონებლივ ჩატარება) გამგეობის
წევრებისთვის შეტყობინების მიწოდების გზით. შეტყობინების მიწოდება
შესაძლებელია დაზღვეული წერილით, ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით,
ფაქსით ან ინფორმაციის გადაცემის სხვა საშუალებით. შეტყობინებაში უნდა
მიეთითოს სხდომის ჩატარების დღე, დრო, ადგილი და დღის წესრიგი.
5.4 შეტყობინების მიღებიდან სამი დღის ვადაში გამგეობის წევრს შეუძლია
ცვლილებები შეიტანოს დღის წესრიგში. თუ ამ ვადაში ცვლილებები არ იქნება
შეტანილი, დღის წესრიგი მიღებულად ჩაითვლება. სხვა შემთხვევაში დღის წესრიგში
ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ გამგეობის სხდომაზე დამსწრე წევრთა
ხმათა უმრავლესობით.
5.5 სხდომის მოწვევა ამ მუხლით დადგენილი პროცედურების დარღვევით არ არის
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების ბათილობის საფუძველი, თუ გამგეობის
წევრი სხდომის დაწყებამდე არ განაცხადებს პროტესტს და მონაწილეობას მიიღებს
მის მუშაობაში.
5.6 გამგეობის სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა
ნახევარზე მეტი. თუ სხდომა არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ არაუადრეს
სამი დღისა მოიწვევა ახალი სხდომა იგივე დღის წესრიგით. ამ წესით მოწვეული
სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია გამოცხადებულ წევრთა მიუხედავად. იმ
შემთხვევაში, თუ გამგეობის თავმჯდომარე არ ესწრება გამგეობის სხდომას, სხდომის
დაწყებამდე გამგეობის წევრები ირჩევენ სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც
შეასრულებს გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობებს. გამგეობის წევრების გარდა,
გამგეობის სხდომას ესწრება ფონდის დირექტორი, რომელიც დღის წესრიგთან
დაკავშირებულ საკითხებზე გამართულ კენჭისყრაში არ მონაწილეობს.
5.7 გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს გამგეობის სხდომაზე დამსწრე გამგეობის
წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. თითო წევრს აქვს თითო ხმა. ხმების
თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, უპირატესი ხმის უფლება აქვს გამგეობის
თავმჯდომარეს/გამგეობის სხდომის თავმჯდომარეს.
5.8 სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც თანმიმდევრულ ასახვას ჰპოვებს
სხდომაზე განხილული საკითხები და შესაბამისი გადაწყვეტილებანი. ოქმს ხელს
აწერს გამგეობის თავმჯდომარე/სხდომის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე
გამგეობის წევრები. სხდომაზე დამსწრე განსახვავებული აზრის მქონე გამგეობის
წევრის შენიშვნები და მოსაზრებები წერილობითი სახით დაერთვება სხდომის ოქმს.
5.9 გამგეობის წევრებს უფლება აქვთ გადაწყვეტილება მიიღონ სხდომის მოწვევის
გარეშე, თუ დღის წესრიგით განსახილველი საკითხების მიმართ ყველა წევრი ერთად
ან ცალ-ცალკე გამოხატავს თანხმობას კონფერენცტელეფონის ან კავშირგაბმულობის
სხვა საშუალებით. ამ შემთხვევაში, აუცილებელია წინასწარ გამოხატული თანხმობის
შემდგომში წერილობით გაფორმება შესაბამისი ოქმის ხელმოწერის გზით.
5.10 გამგეობის წევრები ვალდებულნი არიან ფონდის საქმეები წარმართონ
კეთილსინდისიერად კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად და ფონდის
წინაშე პასუხს აგებენ მათზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან
არაჯეროვანი შესრულების გამო წარმოშობილი ზიანისთვის. გამგეობის წევრების
საქმიანობა ნებაყოფლობითია და არ ანაზღაურდება ფონდის სახსრებიდან.
5.11 გამგეობის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში
გამგეობის ახალ წევრს დაუყოვნებლივ ირჩევს დამფუძნებელი. ახლადარჩეული
გამგეობის წევრი უფლებამოსილებას ახორციელებს უფლებამოსილებაშეწყვეტილი
გამგეობის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
5.12 გამგეობა:
5.12.1 ამტკიცებს ფონდის დირექტორის მიერ შემუშავებულ ფონდის საქმიანობის
სტრატეგიულ მიმართულებებს, გეგმებს, მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს;
5.12.2 ამტკიცებს ფონდის მიერ დასაფინანსებელ ცალკეულ პროექტებს და
აკონტროლებს მათ განხორციელებას;
5.12.3 შეიმუშავებს და წარუდგენს დამფუძნებელს რეკომენდაციებს ფონდის
ფილიალების (წარმომადგენლობების) შექმნისა და მათი ლიკვიდაციის შესახებ;
5.12.4 იღებს გადაწყვეტლებას ფონდის მიერ იურიდიული პირების დაფუძნების
შესახებ და ფონდის დირექტორის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს მათ
ხელმძღვანელებს;
5.12.5 საჭიროებისამებრ, ფონდის დირექტორის წარდგინებით, შეიმუშავებს ფონდის
ფილიალების (წარმომადგენლობების) რეგლამენტს;
5.12.6 სარეკომენდაციო წერილით მიმართავს ფონდის გამგეობის იმ წევრს, რომლის
საქმიანობაც ეწინააღმდეგება ფონდის მიზნებს ან რომელიც უხეშად არღვევს
წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;
5.12.7 წყვეტს ფონდის რეგისტრირებულ ორგანიზაციებში გაწევრიანების საკითხს.
5.13 გამგეობის წევრები არიან:
ა) ირაკლი ბენდელიანი - გამგეობის თავმჯდომარე;
ბ) თეიმურაზ ბოლოთაშვილი - გამგეობის წევრი;
გ) გიორგი ტყემალაძე - გამგეობის წევრი;
დ) გიორგი აბუთიძე - გამგეობის წევრი;
ე) გიორგი კობიაშვილი - გამგეობის წევრი.
მუხლი 6. ფონდის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა.
ფონდის დირექტორი
6.1 ფონდის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას
ახორციელებს ფონდის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ირჩევს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს დამფუძნებელი.
6.2 ფონდის დირექტორი ინიშნება 3 (სამი) წლის ვადით.
6.3 ფონდის დირექტორი არ შედის ფონდის გამგეობაში, თუმცა, ესწრება გამგეობის
სხდომებს და წარუდგენს გამგეობის წევრებს დასამტკიცებელ საკითხებს.
6.4 ფონდის დირექტორი:
6.4.1 მოქმედებს ფონდის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან
ურთიერთობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
6.4.2 ესწრება გამგეობის სხდომებს და იღებს შესაბამის დავალებებს გამგეობისაგან;
6.4.3 ფონდის სახელით დებს ხელშეკრულებებს, გარიგებებს, აწარმოებს
მოლაპარაკებებსა და გასცემს მინდობილობებს;
6.4.4 გამგეობასთან ერთად ზედამხედველობს ფონდის ფინანსური სახსრებისა და
სხვა მატერიალური ქონების მართვას;
6.4.5 ხსნის და ხურავს ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში, ეროვნულ და
უცხოურ ვალუტაში, ხელს აწერს ფონდის საფინანსო და სხვა სახის ყველა
ოფიციალურ დოკუმენტს;
6.4.6 უზრუნველყოფს ფონდის დამფუძნებლისა და გამგეობის გადაწყვეტილებების
შესრულებას;
6.4.7 გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს ფონდის გამგეობას ან
დამფუძნებელს;
6.4.8 წარუდგენს გამგეობას განსახორციელებელი პროგრამების პროექტებს;
6.4.9 გამგეობის მიერ დამტკიცებულ პროექტებთან დაკავშირებით დებს მესამე
პირებთან შესაბამის ხელშეკრულებებს ფონდის სახელით;
6.4.10 შრომითი ხელშეკრულების დადებითა და შეწყვეტით თანამდებობაზე ნიშნავს
და ათავისუფლებს ფონდის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და
სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს შრომის ანაზღაურების პირობებს, წყვეტს მათი
გაცემის ან სხვაგვარი წახალისების ან თანამშრომლის დისციპლინური
პასუხისმგებლობის საკითხებს;
6.4.11 დამფუძნებლის თანხმობით განსაზღვრავს ფონდის საშტატო ნუსხას,
თანამდებობრივ სარგოებს და დანამატების ოდენობას;
6.4.12 განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულების სამსახურებრივ დებულებებს,
თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებსა და შრომის შინაგანაწესს;
6.4.13 დამფუძნებლებს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშებს ფონდის საქმიანობის
მდგომარეობისა და გაწეული სამუშაოების შესახებ;
6.4.14 გამგეობის მიერ მინიჭებული უფლებების ფარგლებში ახორციელებს სხვა
საქმიანობას;
6.4.15 დამფუძნებელთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებებს ფონდის მიერ
უძრავი ქონების შეძენასთან, განკარგვასთან ან/და უფლებრივ დატვირთვასთან
დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
6.4.16 დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას ფონდის მიერ მოძრავი ქონების
შეძენასთან, განკარგვასთან ან/და უფლებრივ დატვირთვასთან დაკავშირებით;
6.4.17 უზრუნველყოფს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
ელექტრონული პორტალის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვას და
არის კანონით განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების გამოქვეყნებაზე
უფლებამოსილი/პასუხისმგებელი პირი.
6.5 ფონდის დირექტორის ხელფასის ოდენობა განისაზღვრება დამფუძნებლის მიერ.
6.6 ფონდის დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების
შეუძლებლობის ან თანამდებობიდან ვადამდე გადადგომის შემთხვევაში, მის
ფუნქციებს, დამფუძნებლის გადაწყვეტილებით, ასრულებს დირექტორის ერთ-ერთი
მოადგილე, როგორც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ფონდის ახალი
დირექტორის არჩევამდე. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ენიჭება და
ეკისრება დირექტორისთვის ამ წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით
გათვალისწინებული ყველა უფლება და ვალდებულება. დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელს, დირექტორის მოვალეობათა შესრულების პერიოდში, ეძლევა
ხელფასი დირექტორისთვის განკუთვნილი ოდენობით.
6.7 ფონდის დირექტორს უფლება არა აქვს ეწეოდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც
ხელს უშლის ამ წესდებით გათვალისწინებულ მის უფლებამოსილებათა
განხორციელებას ინტერესთა კონფლიქტის გამო.
6.8 ფონდის დირექტორი ფონდის საქმეებს უნდა უძღვებოდეს კეთილსინდისიერად.
6.9 ფონდის დირექტორს ჰყავს 5 (ხუთი) მოადგილე, რომელებსაც თანამდებობაზე
ნიშნავს და ათავისუფლებს ფონდის დირექტორი, საკუთარი ბრძანებით, ასევე
განსაზღვრავს დირექტორის მოადგილეების უფლებამოსილებებს.
6.10 ფონდის დირექტორია - თამაზ ალიბეგაშვილი.
მუხლი 7. ფონდის სტრუქტურული ერთეულები და ფუნქციები
7.1 ფონდის სტრუქტურული ერთეულებია:
7.1.1 ადმინისტრაცია;
7.1.2 საფინანსო სამსახური;
7.1.3 იურიდიული სამსახური;
7.1.4 შესყიდვების სამსახური;
7.1.5 პროექტირებისა და სანებართვო უზრუნველყოფის სამსახური;
7.1.6 საინჟინრო-ტექნიკური სამსახური;
7.1.7 მოსახლეობასთან ურთიერთობის სამსახური;
7.1.8 რეაბილიტირებული არეალების მონიტორინგის და უძრავი ქონების მართვის
სამსახური;
7.1.9 ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტების
კოორდინაციის სამსახური.
7.2 ფონდის ორგანიზაციული სტრუქტურა, გარდა ამ მუხლის 7.1 პუნქტით
განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულებისა, სტრუქტურული
ერთეულებისათვის დამახასიათებელი ზოგადი ფუნქციების გათვალისწინებით,
ასევე შედგება პროგრამის 3 (სამი) მენეჯერისაგან. პროგრამის მენეჯერებს შრომითი
ხელშეკრულების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს
დირექტორი. ამ მუხლის 7.1 პუნქტით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების
საკადრო შემადგენლობის (სამსახურებრივი პოზიციები) მსგავსად პროექტის
მენეჯერებისადმი თანამშრომელთა დაქვემდებარებასა და სამსახურებრივ ფუნქცია-
მოვალეობებს განსაზღვრავს ფონდის დირექტორი შრომითი ხელშეკრულების
საფუძველზე ან/და სამსახურის დებულებების ან/და შრომითი აღწერილობის
დამტკიცების გზით.
7.3 ადმინისტრაცია უზრუნველყოფს:
7.3.1 ფონდში შემოსული და შექმნილი დოკუმენტების დამუშავებას, აღრიცხვას
(კანცელარიის წარმოება), დაცვასა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას;
7.3.2 დამფუძნებლის, გამგეობისა და დირექტორის ორგანიზაციული ხასიათის
სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების სისტემატიზაციას, არქივის
წარმოებას;
7.3.3 თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებისა
და დისციპლინის დაცვის კონტროლს;
7.3.4 უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების
დაგეგმვას;
7.3.5 თანამშრომელთა განვითარების საჭიროების კვლევას, სათანადო ტრენინგების
ჩატარების ორგანიზებასა და განგრძობად განათლებას;
7.3.6 საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებას და მუდმივად
განახლებას;
7.3.7 საინფორმაციო სააგენტოებთან და მასობრივი მედიის საშუალებებთან
თანამშრომლობას;
7.3.8 შიდა კომპიუტერული ქსელის გამართულად ფუნქიციონირებას, პროგრამული
და ოპერაციული სისტემების განახლებას;
7.3.9 ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების ორგანიზებას;
7.3.10 ფონდის საქმიანობის მიხედვით შესაძლო დამფინანსებლების (დონორები და
ინვესტორები) შესახებ ინფორმაციის კვლევას, ბაზების ფორმირებას და რეგულარულ
განახლებას;
7.3.11 ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების პოტენციურ
დამფინანსებლებთან თანამშრომლობის საშუალო და გრძელვადიანი მიდგომების
ჩამოყალიბებას და მოლაპარაკებების წარმოებას;
7.3.12 ფონდის ხელმძღვანელობისთვის ანგარიშის წარდგენას პოტენციურ
დამფინანსებლებთან სამართლებრივი და ფინანსური ურთიერთობის გაფორმების
მიზნით.
7.4 საფინანსო სამსახური უზრუნველყოფს:
7.4.1 ფონდის ბიუჯეტის ფორმირების პროცესის ორგანიზებასა და კოორდინაციას;
7.4.2 დაგეგმილი ბიუჯეტიდან მოსალოდნელი კორექტირების აუცილებლობის
კონტროლს;
7.4.3 ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშგებას;
7.4.4 ფინანსური ტრანზაქციების წარმოებას;
7.4.5 ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი
დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლის განხორციელებას;
7.4.6 ფონდის ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერის, რეალიზაციის, სარგებლობის
უფლებით გადაცემისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული
ფორმებით განკარგვის საკითხების განხილვასა და წინადადებების მომზადებას;
7.4.7 ფონდის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობის აღრიცხვას,
ინვენტარიზაციის ჩატარებას და სასაწყობო მეურნეობის წარმართვის ორგანიზებას;
7.4.8 არაფინანსური და ფინანსური აქტივების (ვალდებულებების) და სხვა
დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციის პროცესში
მონაწილეობას და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვას;
7.4.9 ფონდის წინაშე არსებული და მოსალოდნელი ფინანსური რისკების
იდენტიფიცირებას და პრევენციის მიზნით ღონისძიებების დეგეგმვას და
ორგანიზებას.
7.4.10 მოძრავი ქონების აღრიცხვასა და მისი დაცვის კონტროლს;
7.4.11 ფონდის მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვას,
დასაწყობებასა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას;
7.4.12 ფონდის საქმიანობის სამეურნეო-ტექნიკურ მხარდაჭერას.
7.5 იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს:
7.5.1 სამართლებრივი აქტებისა და ფონდის სახელით დასადები ხელშეკრულებების,
მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების მომზადებასა და სამართლებრივ
ექსპერტიზას;
7.5.2 სხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული იურიდიული
მნიშვნელობის აქტების სამართლებრივ ანალიზსა და საქართველოს მოქმედ
კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;
7.5.3 ფონდში შემოსული და სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ
წერილებზე, განცხადებებზე და საჩივრებზე პასუხების, გადაწყვეტილებებისა და
დასკვნების პროექტების მომზადებას;
7.5.4 სამართლებრივი ხასიათის პრობლემური საკითხების გამოვლენას და მათ
აღმოსაფხვრელად სათანადო რეკომენდაციების გაცემას;
7.5.5 ფონდის წარმომადგენლობას და მისი ინტერესების დაცვას საქართველოს
საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ
ორგანოებში, ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას;
7.5.6 ფონდის მონაწილეობით წარმოებული სასამართლო დავების ანალიზს და
შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
7.5.7 სხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენელთათვის კონსულტაციის
გაწევას მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე;
7.5.8 ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებში განხორციელებული ცვლილებების
მონიტორინგი.
7.6 შესყიდვების სამსახური უზრუნველყოფს:
7.6.1 სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და მასში შესატანი ცვლილებების
პროექტების მომზადებას;
7.6.2 სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შესრულების კონტროლის
განხორციელებას;
7.6.3 წლიური ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობას;
7.6.4 მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების
პროცედურების მომზადებას და შესყიდვის შერჩეული საშუალების შესაბამისი
დოკუმენტაციის შედგენას;
7.6.5 შესყიდვის ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, საჭიროებისამებრ,
სახელმწიფო შესყიდვების წინამოსამზადებელ ეტაპზე, ბაზრის კვლევის ჩატარებას
შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით;
7.6.6 სატენდერო და საკონკურსო კომისიების საქმიანობის ტექნიკურ
უზრუნველყოფას;
7.6.7 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების
მომზადებასა და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
7.6.8 სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში შემოსული საჩივრ(ებ)ის
განხილვის ორგანიზებას და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების
მომზადებას.
7.7 პროექტირებისა და სანებართვო უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს:
7.7.1 საპროექტო დავალების მოსამზადებლად საპროექტო ტერიტორიის კვლევას,
აუცილებელი წინასწარი სამუშაოების განხორციელებასა და საპროექტო დავალების
შედგენას;
7.7.2 მიმდინარე საპროექტო მომსახურების ინსპექტირებასა და მისი სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას;
7.7.3 დაინტერესებული პირებისათვის საპროექტო დოკუმენტაციის გაცნობას;
7.7.4 საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილების განხორციელების მიზნით შესაბამისი
ღონისძიებების გატარებას;
7.7.5 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული საპროექტო
მომსახურების მიღებას;
7.7.6 მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით, უფლებამოსილ
ადმინისტრაციულ ორგანოში საპროექტო დოკუმენტაციის შესათანხმებლად
წარდგენას;
7.7.7 სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ფონდის საკუთრების უფლების
წარმოშობას დაქვემდებარებულ ფართებზე აზომვითი ნახაზების მომზადების
ორგანიზებას, შემდგომი რეგისტრაციის მიზნით;
7.7.8 სხვადასხვა არეალების, ქუჩებისა და დასახლებული კვარტლების განვითარების
შესაძლებლობების კვლევა-ანალიზს სამომავლო სარეაბილიტაციო არეალების
განსაზღვრის მიზნით.
7.8 საინჟინრო-ტექნიკური სამსახური უზრუნველყოფს:
7.8.1 საპროექტო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული შესასრულებელი სამუშაოების
მოცულობითი მონაცემების შედარებას სახარჯთაღრიცხვო მაჩვენებლებთან;
7.8.2 პროექტში ასახული კონსტრუქციული გადაწყვეტების რევიზიას;
7.8.3 საპროექტო მომსახურების მიღების სტადიაზე საპროექტო დოკუმენტაციაში
სარეაბილიტაციო ობიექტის მომიჯნავე შენობების კონსტრუქციული მდგრადობის
საკითხების შესწავლას ადგილზე დათვალიერების გზით;
7.8.4 საპროექტო გადაწყვეტილებების ადეკვატურობის შეფასებას სარეაბილიტაციო
ობიექტის კონსტრუქციული მდგრადობის ხარისხის გათვალისწინებით;
7.8.5 კორექტირებულ საპროექტო მონაცემებზე დაყრდნობით სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის ცვლილებას;
7.8.6 სარეაბილიტაციო ობიექტებზე წარმოებული სამუშაოების გეოდეზიური
მონაცემების სიზუსტისა და გამოყენების მონიტორინგი.
7.9 მოსახლეობასთან ურთიერთობის სამსახური უზრუნველყოფს:
7.9.1 განსახორციელებელი სარეაბილიტაციო პროექტების დაგეგმვის ეტაპზე
მოსახლეობასთან/მესაკუთრეებთან ურთიერთობის სამოქმედო გეგმების
შემუშავებას;
7.9.2 მოსახლეობისათვის/მესაკუთრეებისათვის მათთვის ამომწურავი ინფორმაციის
მიწოდებას განსახორციელებელი პროექტის შესახებ;
7.9.3 მიმდინარე და დაგეგმილ სარეაბილიტაციო პროექტებში ჩართული
მოსახლეობის/მესაკუთრეების აღრიცხვას და შესაბამის საინფორმაციო ბაზის შექმნას;
7.9.4 ფონდის მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი პროექტების
ბენეფიციარების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების
სარეგისტრაციო მონაცემების აღრიცხვასა და მათში ცვლილებების მონიტორინგს
საკომპენსაციო თანხების გაცემის მიზნით;
7.9.5 სარეაბილიტაციო პროექტის მიმდინარეობის პერიოდში მოსახლეობის მხრიდან
დაფიქსირებული პრობლემების შესწავლას, შეხვედრების ორგანიზებას,
უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირებასა და კომპეტენციის
ფარგლებში მათ გადაწყვეტას;
7.9.6 სარეაბილიტაციო ობიექტების გამოთავისუფლების ორგანიზებას;
7.9.7 მესაკუთრეებთან გასაფორმებელი სარეაბილიტაციო ხელშეკრულებების
პროექტების მომზადებას და შემდგომი სახელშეკრულებო ურთიერთობის
წარმართვას.
7.10 რეაბილიტირებული არეალების მონიტორინგის და უძრავი ქონების მართვის
სამსახური უზრუნველყოფს:
7.10.1 რეაბილიტირებულ არეალებში სამშენებლო დეფექტებისა და დაზიანებების
იდენტიფიცირებას და მათი აღმოფხვრის ორგანიზებას;
7.10.2 რეაბილიტირებული არეალების მოვლა-პატრონობისათვის აუცილებელი
ღონისძიებების დაგეგმვას და ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობას;
7.10.3 სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე ნაწარმოები სამუშაოების საგარანტიო
ვადების მონიტორინგსა და საგარანტიო პირობების დარღვევაზე რეაგირებას;
7.10.4 რეაბილიტაციის შედეგად წარმოშობილ უძრავ ქონებაზე საკუთრების
უფლების რეგისტრაციას;
7.10.5 ფონდის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კომერციალიზაციას;
7.10.6 ფონდის საკუთრებაში არსებული ან საკუთრებას დაქვემდებარებული უძრავი
ქონების აღრიცხვას.
7.11 სარეაბილიტაციო პროგრამის მენეჯერ(ებ)ის ფუნქცია-მოვალეობათა სფეროს
განეკუთვნება:
7.11.1 სარეაბილიტაციო პროექტების ხარისხიანად, დროულად და რაციონალური
დანახარჯების პირობებში განხორციელებისათვის აუცილებელი სამოქმედო გეგმების
ფორმირება;
7.11.2 სარეაბილიტაციო პროცესის მონიტორინგი და სამშენებლო სამუშაოების
შესრულებასთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალების არქივირება;
7.11.3 მიღებული საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა მისი რეალიზების პროცესში
გაუთვალისწინებელი შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით;
7.11.4 სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელების გეგმა-გრაფიკების განხილვის
ორგანიზება და შეთანხმება კონტრაქტორებთან;
7.11.5 სარეაბილიტაციო პროექტების მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის
ანალიზი;
7.11.6 საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო გეგმა-გრაფიკის დარღვევით
წარმოებული სამუშაოების იდენტიფიკაცია, პრობლემის აღმოფხვრის გზების დასახვა
და განხორციელება;
7.11.7 სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელების ფინანსური უზრუნველყოფის
პროცესის კოორდინაცია;
7.11.8 სარეაბილიტაციო პროცესში ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოების მიღება-
ჩაბარება.
7.12 ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტების
კოორდინაციის სამსახური უზრუნველყოფს:
7.12.1 ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტების
კოორდინაციას;
7.12.2 ჩასანაცვლებელი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის თაობაზე
წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესწავლას,
სხვადასხვა უწყებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას, მონაცემების
დამუშავებასა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნას;
7.12.3 ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტის
ფარგლებში ახალი შენობა-ნაგებობის კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და
დეტალური საპროექტო-საინჟინრო მომსახურების შესყიდვის მიზნით საჭირო
დოკუმენტების პროექტების მომზადებას;
7.12.4 არქიტექტურული პროექტის დაინტერესებული პირებისათვის გაცნობას;
7.12.5 ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტის
ფარგლებში, სამშენებლო, მათ შორის სარემონტო სამუშაოების თაობაზე,
სამუშაოს/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ფონდის შესაბამის
სამსახურებთან კომუნიკაციასა და დოკუმენტების პროექტების მომზადებას;
7.12.6 ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტის
ფარგლებში დაინტერესებულ პირებთან შესაბამისი გარიგებების გაფორმების
ორგანიზებას.
მუხლი 8. ფონდის ქონება, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა
8.1 ფონდის ქონებას შეადგენს ძირითადი, საბრუნავი საშუალებები და სხვა
ფასეულობანი, რომლებიც ასახულია მის დამოუკიდებელ ბალანსში და საჭიროა ამ
წესდებით გათვალისწინებული მისი საქმიანობის მატერიალური
უზრუნველყოფისათვის.
8.2 კანონით დადგენილი წესით ფონდის სახსრები იქმნება:
8.2.1 დამფუძნებლის ქონებრივი და ფინანსური შენატანებით/შემოწირულობებით;
8.2.2 საკუთარი დამხმარე სამეწარმეო საქმიანობით, მისი საწარმოებისა და
ორგანიზაციებიდან მიღებული შემოსავლებით;
8.2.3 ადგილობრივი და უცხოელი იურიდიული და ფიზიკური პირების უსასყიდლო
და საქველმოქმედო შემოწირულობებით;
8.2.4 გრანტებით;
8.2.5 კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებული სხვადასხვა
ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავლებით;
8.2.6 სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან
მოქმედ კანონმდებლობას.
8.3 ფონდს შეუძლია საკუთრებაში ჰქონდეს შენობა-ნაგებობანი, სატრანსპორტო
საშუალებები, ფულადი სახსრები, ფასიანი ქაღალდები, მოწყობილობა, ინვენტარი და
სხვა ქონება, რაც აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით.
8.4 საკუთარი მიზნების მისაღწევად ფონდს უფლება აქვს განახორციელოს დამხმარე
ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა, დააფუძნოს საწარმოები და სამეურნეო
ანგარიშიანი ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობიდან მიღებული მოგება
გამოიყენება მხოლოდ საწესდებო მიზნების მისაღწევად, მისი განაწილება ფონდის
დამფუძნებლებს და გამგეობის წევრებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის არ დაიშვება.
8.5 ფონდის გამგეობას და ფონდის დირექტორს აკისრია პასუხისმგებლობა
უზრუნველყონ ფონდის ფულადი სახსრების მიზნობრივი განკარგვა და ქონების
დაცვა.
8.6 ფონდი თავის ქონებას და სახსრებს ფლობს, იყენებს და განკარგავს წესდებით
დადგენილი მიზნების შესაბამისად. უძრავი ქონების განკარგვა შესაძლებელია
დამფუძნებლის გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ასევე იმ
შემთხვევაში, თუ იგი ხელს უწყობს მის ორგანიზაციულ განვითარებას, მიზნების
განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო საქმიანობას.
მუხლი 9. ფონდის წესდების მოქმედების, გადასინჯვის, გაუქმების და მასში
ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესები
9.1 ფონდის წესდება მოქმედებს ფონდის საქმიანობის ყველა სფეროში, მისი დაცვა
სავალდებულოა დამფუძნებლისა და ყველა ხელმძღვანელი პირისთვის.
9.2 წესდების გადასინჯვა, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ფონდის
დამფუძნებლის პრეროგატივაა.
მუხლი 10. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
10.1 ფონდის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა)
ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით დამფუძნებლის
გადაწყვეტილებით. ფონდის დაშლა ხდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი ზოგადი წესით.
10.2 ფონდის ლიკვიდაცია ხდება:
10.2.1 დამფუძნებლის ინიციატივით და გადაწყვეტილებით;
10.2.2 რეგისტრაციის გაუქმებისას;
10.2.3 კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
10.3 ლიკვიდაციას ახორციელებს ფონდის დირექტორი. განსაკუთრებულ
გარემოებათა არსებობისას, დამფუძნებელს ან შესაბამის სასამართლოს შეუძლია
სხვა ლიკვიდატორის დანიშვნა. ლიკვიდატორები პასუხს აგებენ, როგორც
ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები.
10.4 ლიკვიდაციის შემთხვევაში უნდა დამთავრდეს მიმდინარე საქმეები,
დადგინდეს მოთხოვნები, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები. დარჩენილი ქონება და
სხვა აქტივები დამფუძნებლის გადაწყვეტილებით გადაეცემა ანალოგიური ან
მსგავსი საქმიანობით დაკავაბულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
10.5 ფონდის ლიკვიდაციისას ქონება შეიძლება გასხვისდეს, თუ ეს ხელს უწყობს
ფონდის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო
მიზნებს.