ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, არსებულ 22 შენობას ჩაუტარდა რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რომელთაგან 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 10 შენობა აშენდა ხელახლა. ყველა შენობა განახლდა, როგორც შიდა ეზოების, ისე გარეგნული ნაწილის და შიდა რემონტების ჭრილში. ძეგლებზე აღდგა ყველა არქიტექტურული და მხატვრული დეტალი, რესტავრაცია ჩაუტარდა გადარჩენილ ნაწილს, განახლდა რკინის და ხის ნაკეთობები. შენობებზე დამონტაჟდა დეკორატიული განათება.
შენობების რეაბილიტაციის პარალელურად, ფხოვის და ხაზინის ქუჩების ქვეშ, ასევე ორი სარეაბილიტაციო მისამართის ქვეშ, განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგი, რომლის ჯამური ფართობი 5 700 კვადრატული მეტრია. სადგომი პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, აღჭურვილია საჭირო უსაფრთხოების (სახანძრო, ვიდეომეთვალყურეობა) და წვდომა-აღრიცხვის სისტემებით, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
რეაბილიტაციის პროცესში, მეყვავილეების ბაზრობისთვის სპეციალური გარემოსთან ადაპტირებული მხატვრული სავაჭრო პავილიონები მოეწყო.
დასკვნით ეტაპზე განხორციელდა ორბელიანის მოედნის მიმდებარედ არსებული, ორი ძეგლის სტატუსის მქონე რეკრეაციული ზონის - 9 აპრილის სახელობის (ქვედა იარუსი) და ორბელიანების სახელობის სკვერების რეაბილიტაცია, სადაც განახლდა ინფრასტრუქტურა და გამწვანების კომპონენტი.
რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა კეთილმოწყობის ნაწილის სრულად განახლებამ, რაც გულისხმობს 7 სარეაბილიტაციო ქუჩისა და მათ შორის 2 ძირითადი ქუჩის საფეხმავლო მონაკვეთად მოწყობას. ქუჩებზე სრულად შეიცვალა ზედაპირის მოპირკეთება, განათება, დაიდგა გამწვანების ინფრასტრუქტურა მრავალწლოვანი ნარგავებით, ასევე დამონტაჟდა სხვადასხვა ტიპის განათებები, მოეწყო ახალი სატრანსპორტო კვანძები ადაპტირების და რეკრეაციული მოთხოვნების დაცვით. სივრცეში განთავსდა მხატვრული სცენა და ასევე გამოფენისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. განხორციელდა წვდომის სისტემების მონტაჟი საფეხმავლო მონაკვეთების იზოლირებისთვის.
პროექტის ჯამური ღირებულება : 80 000 000 ლარი შეადგინა.
პროექტის განხორციელების წლები - 2017-2020 წ.წ