„ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ლადო გუდიაშვილის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მიზანი იყო ისტორიული იერსახის შენარჩუნება და ურბანული გარემოს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. პროექტი ითვალისწინებდა, როგორც არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვას, ასევე ინფრასტრუქტურის განახლებასა და ურბანული ფუნქციონირების გაუმჯობესებას.
გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მოიცავდა გუდიაშვილის მოედნისა და ბაღის გამწვანება-კეთილმოწყობას, ქუჩების საფარის აღდგენას, რეაბილიტირებულ არეალში მუზეუმის/საგამოფენო სივრცის მოწყობას.
გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შენობების ნაწილის შიდა სარემონტო, ფასადის მოპირკეთების, სველი წერტილების, შუშაბანდებისა და აივნების მოწყობის სამუშაოებიც განხორციელდა. ასევე, აბო თბილელის N1-სა და ახოსპირელის 3/7-ში ისტორიული ძეგლების საძირკვლებისა და სარდაფების კონსტრუქციული გამაგრება-აღდგენის სამუშაოები, მხატვრული და ხის დეკორატიული ელემენტების სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა. მოხდა შენობების დემონტაჟი, ხოლო აბესაძის N21-ში - შენობის კონსტრუქციულად გამგრდა.
რეაბილიტაცია თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო. სამუშაოებს წინ უძღოდა მოედნის კონსერვაციის გეგმის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების აღდგენის სამუშაოები.
ლადო გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 30 შენობის სრული აღდგენა მოხდა, მათ შორისაა კულტურული მემკვიდრეობის 22 ძეგლი.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მიმდინარეობისას აღმოჩენილია არაერთი არქეოლოგიური არტეფაქტი.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ტერიტორიას დაემატა კიდევ ერთი გამორჩეული ურბანული სივრცე, რომელიც ამდიდრებს ძველი თბილისის განახლებულ იერსახეს.
პროექტის ღირებულება - 100 000 000 ლარზე მეტი
პროექტის განხორციელების წლები: 2019 – 2024 წწ