თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, განახორციელა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია.
მუზეუმის შენობა წარმოადგენს ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშს და თარიღდება XIX საუკუნით. იგი გამოირჩევა ოსტატურად დამუშავებული რელიეფებით, რომლებიც ასახავს ჭიის, ფოთლისა და პარკის გამოსახულებებს.
მუზეუმში დაცულია სხვადასხვა ტიპის უნიკალური კოლექციები, რომლებიც გვაძლევს წარმოდგენას კავკასიისა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში აბრეშუმის ქსოვილების წარმოებისა და გამოყენების შესახებ ისტორიული, სახელოვნებათმცოდნეო, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ანთროპოლოგიური თვალსაზრისით.
კოლექცია ერთდროულად მოიცავს:
- დადასტურებულ, დათარიღებულ და ლოკალიზებულ დაუმუშავებელ აბრეშუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან;
- ინდუსტრიალიზაციამდელი ჩინეთის, იაპონიის, ცენტრალური აზიის, ოსმალეთის (სირია, თურქეთი, საბერძნეთი) და დასავლეთ ევროპის ფერმებიდან წამოღებულ გენეტიკურ მასალას.
ეს კოლექცია ინახავს უძვირფასეს ინფორმაციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ბუნების ისტორიის იმ პერიოდის შესახებ, როდესაც ისინი ჯერ კიდევ თავისუფალი იყვნენ ინდუსტრიული რევოლუციის გავლენისგან.
შესრულებული სამუშაოები:
o შენობის კონსტრუქციული გამაგრება;
o კომუნიკაციების აღდგენა და რეაბილიტაცია;
o სადრენაჟე სისტემის მოწყობა;
o დაზიანებული სახურავის შეცვლა;
o ექსტერიერისა და ინტერიერის დეკორის რესტავრაცია;
o კარ-ფანჯრების შეცვლა და რესტავრაცია;
o ძველი ავეჯის რესტავრაცია;
o გათბობის სისტემის მოწყობა;
o შშმ პირებისთვის ადაპტირება;
o ეზოს კეთილმოწყობა, ღობისა და შადრევნის რესტავრაცია.
მუზეუმის შენობა აშენდა 1890–1892 წლებში, როგორც კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის მთავარი ნაგებობა, სადაც მუზეუმთან ერთად ფუნქციონირებდა ბიბლიოთეკა, სამეცნიერო ლაბორატორიები და ადმინისტრაცია. როგორც მუზეუმმა, ასევე ბიბლიოთეკამ დღემდე უცვლელად მოაღწია.
პროექტი განხორციელდა „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის“ (“AIMF”) თანადაფინანსებით.
პროექტის განხორციელების წლები: 2020–2024 წ წ
პროექტის ღირებულება: 3,472, 850 ლარზე მეტი