ნარიყალას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები – პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

თბილისის განვითარების ფონდი აქტიურად განაგრძობს ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის – ნარიყალას ციხის – სრულმასშტაბიან აღდგენას და შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

 

რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს შიდა და გარე პერიმეტრის სრულ განახლებას, ასევე მხატვრულ-დეკორატიული მინათების  მოწყობას. აღსანიშნავია, რომ ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2017–2018 წლებში განხორციელდა. იმ პერიოდში გალავნის ერთი ნაწილი სრულად მოწესრიგდა, ხოლო დარჩენილი მონაკვეთების რესტავრაცია მიმდინარე ეტაპის ფარგლებში სრულდება.

 

ამ დროისთვის შესრულებული სამუშაოები მოიცავს:

           ფერდობების გაწმენდას ჯაგნარისგან სპეციალური შხამქიმიკატების გამოყენებით;

           ლითონის ხარაჩოებისა და დამცავი ბადეების მონტაჟს;

           კედლებზე მორყეული აგურის წყობის მოხსნას და გასუფთავებას;

           ტერიტორიის გრუნტით დამუშავებას და ხელით გაფხვიერებას ისტორიული არტეფაქტების მოსაძიებლად;

           ქვევრების გასუფთავებას;

           ქვედა გალავანთან გრუნტის მოჭრას აღდგენის მიზნით;

           ფერდობებზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობას;

           ბზარების ინექცირებას, აგურს შორის ნაკერების გაწმენდასა და კირდუღაბით შევსებას;

           აგურის წყობის სტრუქტურული გადაწყობის სამუშაოებს.

 

პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილია დაახლოებით 13 000 000 ლარი.

სამშენებლო პროცესს ზედამხედველობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.

 

რეაბილიტაციის მიმდინარეობას ადგილზე თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი თამაზ ალიბეგაშვილი, მისი მოადგილე დავით ფაჩულია და ფონდის სხვა თანამშრომლები გაეცნენ.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2025 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

 

პროექტის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს ნარიყალას, როგორც ქალაქის ისტორიული იდენტობის ნაწილის, სრულფასოვან დაცვას, გაზრდის ტურისტულ აქტივობასა და შექმნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების საფუძველს.