თბილისის განვითარების ფონდი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქ. I შესახვევის N 6-ში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს.
აღნიშნულ მისამართზე არსებული 4-სართულიანი ავარიული შენობის სრული დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, მრავალბინიანი, 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. პროექტის შედეგად, ფართებით დაკმაყოფილდება 19 ოჯახი.
სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბიქეი ქონსთრაქშენი“ ასრულებს და ღირებულება 6 470 558 ლარია.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ხიმინჯების მოწყობა; ლითონისა და რკინა-ბეტონის კოლონების მონტაჟი; ლიფტის შახტისა და კიბის უჯრედის ყალიბება.
მიმდინარე პროცესს თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი თამაზ ალიბეგაშვილი და მისი მოადგილე დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნენ.
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები 2023 წელს დაიწყო და 2026 წლისთვის დასრულდება .
პროექტის მიზანია მაცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა, ქალაქის განაშენიანების გაუმჯობესება და სივრცითი განვითარების ხელშეწყობა.