თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, რუსთაველის გამზირი N6- ში მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია-რესტავრაცია დაასრულა.
პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა საინჟინრო ქსელები, გაძლიერდა შენობის ფუძე-საძირკველი, კონსტრუქციულად გამაგრდა ძირითადი და დამხმარე ნაგებობები, ჩატარდა ფასადის რესტავრაცია, შეიცვალა სახურავის, ბურულისა და წვიმასატარი სისტემები, განახლდა ბაღის ისტორიული ღობე და ჭედური ჭიშკარი. გარდა ამისა, ჩატარდა მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების კონსერვაცია-რესტავრაცია, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, ხოლო ე.წ. სარკეებიან დარბაზში აღდგა კარები და დარაბები
რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობა XIX საუკუნის შუა წლებშია აგებული. სასახლე გამოირჩევა ისეთი უნიკალური არქიტექტურული სივრცეებით, როგორებიცაა: ე.წ. სარკეებიანი დარბაზი, მარმარილოს დარბაზი და თეთრი დარბაზი. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც 4 500-მდე მოსწავლეს აერთიანებს.
თბილისის განვითარების ფონდმა სასახლის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო. სამუშაოები კომპანია „ინსმა“ შეასრულა, პროექტის საერთო ღირებულებამ კი 56 428 251 ლარი შეადგინა.