თბილისის განვითარების ფონდმა ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქ. N1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დაასრულა. აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.
რეაბილიტაციის შემდეგ, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 80-მდე ბინათმესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდა, ხოლო თბილისს ტურისტულ მარშრუტზე, კიდევ ერთი აღდგენილი და განახლებული შენობა შეემატა.
პროექტის ფარგლებში, გამაგრდა შენობის საძირკველი, აღდგა დაზიანებული კედლები და ღიობები, განახლდა ფასადის დაზიანებული ნაწილი, სახურავი და კარ-ფანჯრები, ეზოს მხარეს არსებული ფასადი კი აგურით მოპირკეთდა. გარდა ამისა, ეზოში მოეწყო ლითონის კიბე და მხატვრული მინათება.
პროექტი, რომელიც 2019 წელს დაიწყო, ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე შპს „იკორთამ“ იმუშავა, ხოლო მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები შპს „დიკა 2010“-მა შეასრულა. შენობის რეაბილიტაციის საერთო ღირებულებამ შეადგინა 16 759 688 ლარი, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.