ფიროსმანის ქუჩის N29-ში მდებარე მე-19 საუკუნის შენობის რეაბილიტაცია გრძელდება
„თბილისის განვითარების ფონდი“ ჩუღურეთის რაიონში, ფიროსმანის ქუჩის N29-ში, სადაც გამოჩენილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი მდებარეობს, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
შენობას, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოსაა აგებული, დღემდე პირვანდელი არქიტექტურული იერი აქვს შეუნარჩუნებული და ფიროსმანის ქუჩის მჭიდრო განაშენიანებას ორგანულად ერწყმის.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კედლებისა და ნალესობის დემონტაჟი, შიდა კედლების ლესვა ცემენტის ხსნარით, წინა ფასადზე თაბაშირის დეტალების მონტაჟი, უკანა ეზოში აგურის აღდგენისა და აივნის ლითონკონსტრუქციების შედუღების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია: საძირკვლისა და კედლების აღდგენა-გამაგრება; ფასადების პირვანდელი სახით აღდგენა ავთენტური არქიტექტურული დეტალების შენარჩუნებით; უკანა ფასადზე არსებული არაავთენტური მინაშენების დემონტაჟი და თანადროული ფასადის აღდგენა; ეზოს მხარეს არსებული ხის დეკორატიული ელემენტებისა და შუშაბანდის პირვანდელი სახით აღდგენა; გადახურვის შეცვლა აგურისფერი თუნუქის ბურულით.
გარდა ამისა, სამუშაოების დროს განახლდება წყლის, წყალარინებისა და ელექტრომომარაგების ქსელები როგორც საერთო, ისე საცხოვრებელ სივრცეებში. ეზოში ჩატარდება გამწვანების სამუშაოები არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნებით.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ 60 ბენეფიციარს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები და გაიზრდება მათი უძრავი ქონების ღირებულება.
პროექტი, რომლისთვისაც რვა მილიონი ლარი დაიხარჯება, 2026 წლის ბოლოს დასრულდება.