სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

 თბილისის განვითარების ფონდმა სულხან-საბასა  და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 18 აპრილს დაიწყო.

 

 პროექტის მიზანი დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის  შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული აღდგენაა.

 

 ამეტაპზე  სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია და გამოვლენილია  ოთხი გამარჯვებული კომპანია, რომლებიც სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით  დათქმულ ვადებში განახორციელებენ.  

 

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციას.

პირველ ეტაპზე სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე ქაოსურად განთავსებული და ამორტიზებული საინჟინრო კომუნიკაციები მოწესრიგდება, რაც გულისხმობს აღნიშნულ არეალში მიწისქვეშა სისტემებისა და მიწისზედა კომუნიკაციების სრულ რეაბილიტაციას. რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს, აღნიშნულ ქუჩებზე მდებარე 21 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია განხორციელდება, რისთვისაც დაახლოებით 120 მლნ ლარამდე დაიხარჯება.

 

რეაბლიტაციის აღნიშნული ეტაპი მწვავედ ავარიული შენობების აღდგენას, საძირკვლისა და კედლების გამაგრებას, გადახურვის შეცვლას, ხის კონსტრუქციების და ნაკეთობების რესტავრაცია შენარჩუნებას,  შიდა ეზოების კეთილმოწყობას, ისტორიული სადარბაზოების რესტავრაციას, დეკორატიული ნაჭედი ლითონის ჭიშკრების დამზადებასა და ავთენტური არქიტექტურული ელემენტების აღდგენას გულისხმობს.

 

მათგან 8 შენობა სულხან-საბას ქუჩაზე, ხოლო დანარჩენი 13 ნაგებობა ინგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს. სამშენებლო მოცულობა 45 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რის შედეგადაც საცხოვრებელი პირობები 450-მდე ოჯახს გაუუმჯობესდება.

 

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ისტორიული კოშკის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რაც განსაკუთრებულ ყურადღებასა და სპეციალურ მიდგომას საჭიროებს.